ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანისთვის ეს ყველაფერი ლოგიკურია და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არის პრობლემა, რომლებიც კლავიატურით მოქალაქეების ნაწილის გინებით არიან დაკავებული, ცხოვრებაში არაფერს წარმოადგენდნენ, არც დღეს წარმოადგენენ და ერთადერთი „ფეისბუქის“ მეშვეობით ადამიანების ლანძღვა და ღირსების შელახვა შეუძლიათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ჟურნალისტის, ვახო სანაიას დაკავებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, „ძალიან ლოგიკურია, რომ კანონი მოქმედებს იმის წინააღმდეგ, რომ ერთმა ადამიანმა მეორეს სოციალური ქსელის საშუალებით ღირსება არ შეულახოს.“
„ოფიციალური სტატისტიკა არსებობს, მაგალითად, ბრიტანეთში, სადაც 2024 წელს 12 000 -ზე მეტი ბრიტანელი მხოლოდ კონსერვატორული შინაარსის მქონე პოსტების გამოქვეყნებისთვის – შეურაცხყოფაზეც არ არის საუბარი. ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანისთვის ეს ყველაფერი ლოგიკურია და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არის პრობლემა, რომლებიც კლავიატურით მოქალაქეების ნაწილის გინებით არიან დაკავებული, ცხოვრებაში არაფერს წარმოადგენდნენ, არც დღეს წარმოადგენენ და ერთადერთი შეუძლიათ „ფეისბუქის“ მეშვეობით ადამიანები ლანძღონ და ღირსება შეულახონ. კი ბატონო, იყოს ეს მათთვის პრობლემა, მაგრამ მოუწევთ ჯარიმის გადახდა და თუ არ გადაიხდიან, შემდეგ სხვა ტიპის სანქციაა. ეს არის ერთ-ერთი მდგენელი იმისა, რომ ფაშიზმი და პოლიტიკური ტერორიზმი საქართველოში დავასრულოთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ამავე თემაზე საუბრისას მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რათა ამდენი ზიზღი, რასაც საჯარო სივრცეში ვუყურებთ, აღარ არსებობდეს.
„ფრაზა, რომ „ადამიანი პოსტის გამო 14-დღიან პატიმრობაში სასჯელს უნდა იხდიდეს“, ძალიან სკანდალური და ხმაურიანია. მაგრამ თუ ფართო კონტექსტში შევხედავთ, რის წინააღმდეგ ავამუშავეთ კანონი – ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში ადამიანები ერთმანეთს „ფეისბუქ“ პოსტებით უპირისპირდებიან და საშინლად ლანძღავენ და ამცირებენ ერთმანეთს საზოგადოდ. ეს არის ამ პოლიტიკური ტერორიზმის, იგივე ფაშიზმის, რადიკალიზმის და ექსტრემიზმის ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. შესაბამისად, ჩვენს მიერ სამმართველოს შექმნა და ამის შემდეგ მოსამართლეების მიერ ჯარიმების დაკისრება, არის ერთ-ერთი მექანიზმი ამ ყველაფრის პრევენციისთვის. მე მოსამართლის გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ – ეს უნდა შეაფასოს, თუ ვინმეს არ აწყობს, სტრასბურგის სასამართლომ, სადაც 100-ით 0-ია ქართული მართლმსაჯულების სასარგებლოდ ყველა დავა დასრულებული. თუ ადამიანს ჯარიმის არ ეშინია, ხელმეორედ აკეთებს და ჯარიმას არ იხდის, რა უნდა გააკეთო? სხვა გზა მოსამართლეს აღარ რჩება. ფართო კონტექსტში უნდა შეხვიდეთ – ასეთი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რათა ამდენი ზიზღი, რასაც საჯარო სივრცეში ვუყურებთ, აღარ არსებობდეს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ინფორმაციისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.
