ზედიზედ მეექვსე თვეა, რუსეთის ბანკი ოქროს თავისი რეზერვებიდან ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად ყიდის, რომელმაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, თითქმის, 6 ტრლნ რუბლს (76.4 მლრდ დოლარს) მიაღწია – ამის შესახებ The Moscow Times წერს.
მარეგულირებლის მონაცემებით, ცენტრალური ბანკის ოქროს რეზერვები, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეხუთეა, ივნისში კიდევ 0.3 მლნ ტროას უნციით, ანუ 9.33 ტონით, ხოლო წლის დასაწყისიდან 1.4 მლნ უნციით, ანუ 43.5 ტონით შემცირდა.
ეს გაყიდვა რეკორდულია, სულ მცირე, ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ანუ მთელი პერიოდისთვის, რომელსაც მსოფლიო ოქროს საბჭოს (World Gold Council) სტატისტიკა მოიცავს. საბჭოს მონაცემებით, ცენტრალურმა ბანკმა ოქროს ანალოგიურ მასშტაბურ გაყიდვას მხოლოდ ერთხელ, 2002 წელს მიმართა. მაშინ ექვსთვიან, ანუ იანვრიდან ივნისის პერიოდში რუსეთის ოქროს რეზერვები 36.1 ტონით შემცირდა.
