საგულისხმოა, რომ ერთმანეთს დაემთხვა ელჩის წასვლა და გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდიდან წაშლა ინფორმაციის, სადაც მოქმედ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი იყო მითითებული – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„აბსოლუტურად მზად, ღია ვართ ურთიერთობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან, გერმანელ ხალხთან ისტორიული მეგობრობა, ამ მეგობრობის ბოლომდე აღდგენა. გვინდა, აღდგეს ის ყველაფერი, რაც თავის დროზე აქ მოქმედმა გერმანიის ელჩმა გააფუჭა საკუთარი ქმედებით, თავისი მოქმედების ანტიქართული ხასიათით. ბურთი ნამდვილად არის გერმანიის მხარეს. დავაკვირდებით მოვლენათა განვითარებას. ისე კი, საგულისხმოა, რომ ერთმანეთს დაემთხვა ელჩის წასვლა და ამ ინფორმაციის წაშლა, გერმანიის ხელისუფლების მხრიდან შედარებით საღი მიდგომა. საზოგადოებამ თვითონ გამოიტანოს დასკვნა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
კითხვაზე, – „გერმანიის ელჩის თანამდებობაზე პეტერ ფიშერის შემცვლელის წარდგენის შემდეგ ელოდებით თუ არა საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობის ნორმალიზებას?“ – მათიკაშვილმა უპასუხა:
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია გერმანიის სახელმწიფოსთან, გერმანიის ხალხთან ურთიერთობა. მოხარულნი ვიქნებით, თუ საქართველოში გერმანიის სახელმწიფოს წარმომადგენელი განმსჭვალული იქნება პოლიტიკური სულისკვეთებით, რომ აღდგეს ურთიერთობა ქართველ და გერმანელ ხალხებს შორის, მეგობრულ მაღალ ნიშნულს დაუბრუნდეს. ამიტომაც ჩვენთვის მისასალმებელი იქნება ასეთი ფიგურის საქართველოში გამოგზავნა და, ზოგადად, გერმანიის ხელისუფლების მიდგომების იმ რელსებზე გადაყვანა, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის მეგობრულ საწყისებს შეუწყობს ხელს და არა, პირიქით, დაძაბავს ან რაიმე ფორმით გააფუჭებს ურთიერთობებს“.
