„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, ამჟამად საქართველოში პოლიტპატიმრების რაოდენობა 90 ადამიანს შეადგენს.
როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის დიდი, „შავი ლაქა“ საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქვეყანაში ამდენი პოლიტპატიმარია.
„დღეს ჩვენმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა საქართველოში პოლიტპატიმრების სია. მათი რაოდენობა ამ დროისთვის შეადგენს 90 ადამიანს. მოგეხსენებათ, მეტი იყო, მაგრამ გარკვეულ რაოდენობასთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. დღეს მათი რაოდენობა არის 90. ეს არ გახლავთ იმ პირების ჩამონათვალი, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებად არიან მიჩნეული. არსებობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც განსაზღვრავს პოლიტპატიმრის არსებობას და გარკვეულ კრიტერიუმებს ადგენს. სულ ხუთი კრიტერიუმია, რომლისგანაც თუ ერთი მაინც არის დაკმაყოფილებული, პირი შეიძლება მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ პატიმრად. ამ 90 ადამიანიდან აბსოლუტური უმრავლესობა აკმაყოფილებს ერთზე მეტ კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც შეიძლება იყოს განსაზღვრული ის, რომ ეს პირი არის პოლიტიკური პატიმარი. ბევრი მათგანი ასევე აკმაყოფილებს ხუთივე კრიტერიუმს. ეს კრიტერიუმებია, როდესაც დარღვეულია ადამიანის ძირითადი, ფუნდამენტური უფლებები, ისეთი, როგორიც არის გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება და სხვა. როდესაც პირს დანაშაული არ ჩაუდენია და მისი დაკავება, პატიმრობაში ყოფნა არის წმინდა პოლიტიკური მოტივებით განპირობებული. როდესაც სასჯელი არის აშკარად არაპროპორციული. როდესაც პირის დევნა არის დისკრიმინაციული და სამართლიანი სასამართლოს ელემენტარული უფლებები არის დარღვეული. ბევრი მათგანი ხუთივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მათ შორის არის მზია ამაღლობელი, ელენე ხოშტარია და სხვები, მაგრამ დანარჩენებიც აკმაყოფილებენ ერთზე მეტ კრიტერიუმს. ეს არის დიდი, „შავი ლაქა“ საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქვეყანაში ამდენი პოლიტპატიმარი გვყავს“,- განაცხადა სანდრო ბარამიძემ.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აქვეყნებს სიას, სადაც, მათი განმარტებით, პოლიტიკური პატიმრების ჩამონათვალია.
