წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის რამდენიმე უბანი დაიტბორა, რის შესახებაც კახა კალაძემ განაცხადა, რომ უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი პრობლემებს მსოფლიოს არაერთ დიდ ქალაქშიც ქმნის, თუმცა ეს არ გამორიცხავს თბილისში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობას. მისი თქმით, 2017 წლიდან გზების რეაბილიტაციისას პრიორიტეტი მიწისქვეშა კომუნიკაციების, მათ შორის სანიაღვრე სისტემების განახლებას ენიჭება.
“როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები, ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე – ეს მხოლოდ თბილისში არ ხდება. ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც. ჩვენს ქვეყანაზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც, ეკონომიკურად უფრო ძლიერ დედაქალაქებშიც, სადაც არსებობს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ყველაფერი მოწესრიგებულია, თუმცა დროის გარკვეულ მონაკვეთში მოსული უხვი ნალექი, რა თქმა უნდა, პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს თბილისში ან მის მოგვარებაზე არ უნდა ვიმუშაოთ. პირიქით, სწორედ ამიტომ 2017 წლიდან მოყოლებული, სადაც ვიწყებთ სამუშაოებს საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, სანიაღვრე სისტემების მოწყობა და ა.შ… ჩვენ გვახსოვს, წინა წლების განმავლობაში გზებს მხოლოდ ზედაპირულად აგებდნენ, ჩვენ კი ყველა მნიშვნელოვანი ქუჩისა და რეაბილიტაციის დროს, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება…” – ამბობს კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე და წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის დატბორვას ეხმაურება.
