4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე. რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პაატა მანჯგალაძე, რომელიც ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია, აქციის ორგანიზების ნაწილში ჩართული არ ყოფილა.
“4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე. რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი.
პაატა მანჯგალაძე ორგანიზების ნაწილში საერთოდ არ იყო.
ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ინფორმაციისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულების – პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძისა და თორნიკე მჭედლიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ლაშა ბერიძეს – 7 წლით, მურთაზ ზოდელავას – 7 წლით, პაატა ბურჭულაძეს – 7 წლით, ირაკლი ნადირაძეს – 7 წლით, პაატა მანჯგალაძეს – 7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს – 5 წლით, გური ჟვანიას – 5 წლით, ნიკა გვენცაძეს – 5 წლით, ირაკლი ჩხვირკიას – 5 წლით, ირაკლი შაიშმელაშვილს – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
