სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ბოლო თვეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ არაერთ ინფორმაციას.
SJC მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევები დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის ნორმალიზების მორიგი მკაფიო დადასტურებაა.
„ბოლო პერიოდში გახმაურებული არაერთი საქმე აჩვენებს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობა, არასათანადო მოპყრობა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება უკვე დიდი ხანია ცალკეული თანამშრომლების ერთეულ გადაცდომებს გასცდა და საპოლიციო ძალადობა სისტემის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილად იქცა, რასაც სახელმწიფოს პოლიტიკური ნების არარსებობა, ინსტიტუციური კონტროლის სისუსტე, დაუსჯელობის კულტურა და პოლიტიკური გავლენები ქმნის.
ბოლო წლებში საქართველოში პოლიტიკური კრიზისის და დე ფაქტო ავტორიტარიზმის ფორმალიზებამ ეს პრობლემა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა. დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებამ, მმართველი პარტიის ხელში ძალაუფლების კიდევ უფრო მაღალმა კონსოლიდაციამ, პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვამ და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტების გაუარესებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პოლიციის პოლიტიკური პროცესების სამართავად გამოყენებას”- წერია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.
SJC-ის ცნობით, მედიით გავრცელებული შემთხვევები მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც რეალურად ხდება ქვეყანაში, რადგან ძალადობის მსხვერპლთა უმეტესობა, სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ საუბარს შურისძიების, უკანონო დევნის, ახალი ბრალდების წარდგენის, მტკიცებულებების გაყალბების ან სხვა ფორმით ანგარიშსწორების შიშით ერიდება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე სავარაუდო ძალადობის მაგალითებად ასახელებს გორის კომბინატში მომხდარ ინციდენტს, ქობულეთის პოლიციაში განვითარებულ მოვლენებს, ალექსანდრე გოგოჭურის საქმესა ალან ყაყიტაშვილის მეგობრის ინტერვიუს.
ორგანიზაციის შეფასებით, ამ უკანასკნელის მიერ მედიისთვის მიცემული ინტერვიუ აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა პოლიციის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის მიჩქმალვის მცდელობას ჰქონდეს ადგილი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი პოლიციელთა მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე საუბრობს 2024-2025 წლების აქციების კონტექსტშიც, მათ შორის, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და დემონტრანტების მიმართ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევებთან დაკავშირებით პროკურატურამ 5 პირი დააკავა, საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, ვინ იღებდა კონკრეტულ ოპერატიულ გადაწყვეტილებებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური ნების არარსებობის ფონზე არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია არაეფექტიანი გამოძიება, პრობლემად რჩება ასევე არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციაც.
განცხადება სრულად ნახეთ აქ
