თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაკავებულ სიძის ძმას, გიორგი ჭიღლაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
სასტუმროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოწმეთა გამოკითხვები გვიან ღამემდე გრძელდებოდა.
არსებული ინფორმაციით, გამოკითხულია არაერთი პირი, მათ შორის ნეფე-პატარძალი, სტუმრები და მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი.
ადვოკატის განმარტებით,მოწმეებმა ქრონოლოგიურად გაიხსენეს მომხდარი და განმარტეს რომ კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმროს მესამე სართულიდან ტურისტებმა სტუმრებს სითხე გადმოასხეს. ერთ-ერთმა მათგანმა კი დაადასტურა, რომ სითხეს “არასასიამოვნო სუნი” ჰქონდა, რომელიც არ ჰგავდა არც წყალს და არც ალკოჰოლურ სასმელს.
რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათმა ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გაუთქმელობის ვალდებულება აქვს და საქმის დეტალებზე ამ ეტაპზე საუბარი არ სურს.
სითხის შემაგდელობას კი, რომელიც ქორწილის სტუმრების თქმით, წყალი არ იყო და “უსიამოვნო სუნი” ახლდა ექსპერტიზა დაადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე აგარანის მამულში ჭიღლაძეების ქორწილში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო. დაკავებულია სიძის ძმა გიორგი ჭიღლაძე. ის გურჯაანის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიება მოწმეთა ჩვენებების მიხედვით აღნიშნავს, რომ თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
