საქართველოში ეს დაახლოებით მერვე ვიზიტია და მსგავსი შემთხვევა არასდროს შემხვედრია — ამბობს ალიონა ნესტერიუკი, კახეთის ინციდენტში მონაწილე რუსულენოვანი ტურისტი. მისი თქმით, სასტუმროში მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, ხოლო დაპირისპირება მეორე მხარის აგრესიული ქმედებების შემდეგ დაიწყო.
“საქართველოში დაახლოებით მერვედ ვარ. ეს ნამდვილად არ არის ჩემი პირველი ვიზიტი. აქამდეც ვყოფილვარ და 5 წლის წინაც. მსგავსი პრობლემები არასდროს მქონია. ზოგადად, არც მე ვარ პრობლემური ადამიანი. მაგრამ ის სიტუაცია, რაც შეიქმნა, ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა – ასეთი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ და პირველ რიგში, პირადად ჩემ მიმართ.
არ ვთვლი, რომ რაიმე პროვოკაცია მოვაწყვეთ. არ გაგვიკეთებია ის, რასაც ინტერნეტში წერენ. წყალი არავისთვის დაგვისხამს, ვედროდან არაფერი გადმოგვისხამს და ა.შ. ჩვენ ჩამოვედით მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად. 5 გოგო ვიყავით. მხოლოდ გოგოები, კაცები არ ყოფილან. ამავდროულად, მეორე მხარე დღესასწაულს, ქორწილს აღნიშნავდა. სრული პატივისცემით ვამბობ, რომ ჩვენც მეგობრის დაბადების დღეს აღვნიშნავდით.
დაახლოებით 20:11 ან 20:15 საათზე დავბინავდით და როგორც კი შევედით, აღნიშვნა დავიწყეთ. ერთი ბოთლი შამპანური გვქონდა, რომელიც გავხსენით. შესაბამისად, შესაძლოა წვეთები დაეცა, როგორც ამას მეორე მხარე ამბობს. თუმცა, თუ ნახავთ, ეს პრინციპში შეუძლებელია. იქ სახურავი და აივანია, ჩვენი ადგილი, არსად გავსულვართ. მხოლოდ ფანჯრიდან ვიყურებოდით და ამიტომ, შესაძლოა, ორ მხარეს შორის რაღაც გაუგებრობა მოხდა.
შესაძლოა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო. მაგრამ ცალსახად, 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მხარე, ჩვენი გოგოები ვულგარულად არ საუბრობდნენ. ისინი არ იგინებოდნენ და არ ჩხუბობდნენ. პირველად ჩხუბი მეორე მხარემ დაიწყო. ეს მათ ვიდეოზეც კი ჩანს. ჩვენი გოგოები უცენზუროდ არ გამოხატავდნენ აზრს, არცერთ შემთხვევაში არ შეურაცხყოფდნენ არცერთ ქვეყანას, არცერთ ადამიანს და არასდროს გადასულან პიროვნულ შეურაცხყოფაზე, ეს 100%-იანი სიმართლეა.
მე საერთოდ ოთახში ვიყავი. როცა ეს სიტუაცია მოხდა, უბრალოდ გოგოების დასაცავად დავდექი, რადგან ის ოთახში შემოიჭრა… მათ [გოგოებმა] კარი გააღეს და არც კი შეუხედავთ, ვინ მოდიოდა. ეგონათ, რომ მენეჯერი იყო, რადგან მენეჯერი მანამდე უკვე იყო ჩვენთან შემოსული ერთხელ. სხვათა შორის, ჩვენ ვთხოვეთ მას კონფლიქტის მოგვარება. ის ჩვენთან ოთახში დაცვის თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა. დახმარება ვითხოვეთ, რადგან შექმნილი ვითარება ჩვენთვისაც მიუღებელი იყო. ჩვენც სტუმრები ვართ. ჩვენც სრული პატივისცემით ჩამოვედით ამ ქვეყანაში, თანაც არა პირველად, და ვიცით აქ როგორ უნდა მოვიქცეთ.
მაგრამ მეორე მხარე მართლაც ძალიან აგრესიული იყო. როცა ის ადამიანი ოთახში შემოიჭრა (ვიდეოც არსებობს, ჩვენც გვაქვს სრული ვიდეომასალა), ის უბრალოდ… ჩემი აზრით, არაადეკვატური იყო. არაადეკვატური თვალები ჰქონდა. და დიახ, ყველას შეგვეშინდა, მე კი გოგოების დასაცავად დავდექი.
არ ვფიქრობ, რომ სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურმა ხელი შეუწყო. უფრო მეტიც, მათ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვეს. მაგალითად, გვეუბნებოდნენ: “ფანჯრიდან არ გადმოიხედოთ”, “პირდაპირ ქუჩაში არ გამოხვიდეთ”. ყვიროდნენ: “ფანჯრიდან არ გადმოიხედოთ, შებრუნდით უკან ოთახში.
რაც ჩვენს მიმართაც არასწორია, რადგან ჩვენც სტუმრები ვართ. ისეთივე თანაბარუფლებიანი სტუმრები ვართ, როგორც ისინი, ვინც ქორწილს აღნიშნავდა. ჩვენც აღვნიშნავდით დაბადების დღეს. შემდეგ კი… სასტუმრომ საერთოდ არ დაგვიცვა ამ თავდასხმისგან. სასტუმროს ბოდიშიც კი არ მოუხდია და არ გაუკეთებია ის ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო კონფლიქტის მოსაგვარებლად, ეს ჩემი აზრია…
ჩემი პირველი დაკითხვა რამდენიმე საათით ადრე მოხდა. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემს ადვოკატს ველოდებოდი. პოლიციამ მხოლოდ 24 საათის შემდეგ, მეორე დღეს დამკითხა.
პოლიციის მხრიდან ჩემს მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ მიგრძვნია. პირიქით, შეეცადნენ ნორმალურად და მშვიდად აეხსნათ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა მოხდებოდა შემდეგ. მთხოვეს ვყოფილიყავი აბსოლუტურად გულწრფელი და ღია, ამიტომ მივაწოდე ყველაფერი, რაც გვქონდა” – ამბობს ალიონა ნესტერიუკი ინტერვიუში, რომელსაც სოციალურ ქსელში პრორუსი მამუკა ფიფია აქვეყნებს.
ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვადასხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა. მომხდარზე დაკავებულია პირი, რომელმაც ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს
