კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრალდებას, რომ რუსეთი შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემაში ერევა.
„ჩვენ ყველა ბრალდებას უარვყოფთ, კატეგორიულად უარვყოფთ მათ. რუსეთი არასდროს ჩარეულა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და ველოდებით, რომ არავინ შეეცდება ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევას“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, აშშ-ში არაერთი გამოძიება ჩატარებულა, რომელმაც დაადასტურა, რომ რუსეთს აშშ-ის არჩევნებთან კავშირი არ ჰქონია.
პესკოვის შეფასებით, დონალდ ტრამპი ეყრდნობა დაუსაბუთებელ ინფორმაციას, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები ავრცელებენ.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემის ერთ-ერთ საფრთხედ რუსეთი დაასახელა. ტრამპის თქმით, აშშ-ის საარჩევნო ხმის მიცემის მოწყობილობები „უკიდურესად დაუცველია“, მათ შორის რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მხრიდან ჩარევის მიმართ.
