გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრი, ირმა ამბარდნიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“დღეს გავიგე რევაზ ელიზბარაშვილი სამი თვის წინ ისეთი სისწრაფით გადაადგილდებოდა პატრული გამოეკიდა ,არ დაემორჩილა სანამ გზა არ გადაუკეტეს უგონო მთვრალი იყოო საბუთები რომ მოსთხოვეს მანქანის უკანა ფანჯრები ჩაიწია სუს- ის თანამშრომლები ისხდნენ და ვის უბედავ სამსახურიდან გაა*ვამო! აი ასეა ! ქვეყანა სადაც კანონი არ მოქმედებს ძალოვანებზე, მათ ოჯახის წევრებზე, პარტიულ აქტივზე! ვინც იმ მანქანაში ისხედით ყველა მკვლელები ხართ ჩემი ანის და მართასი! არ მაინტერესებს გამოიძიონ ვინ ისხდნენ იმ მანქანაში და მინიმუმ სამსახური დაკარგონ კი არა ციხეში უნდა გაუშვან სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის! სკოლის ოროსნებით და გონებაჩლუნგებით რომ გაავსეთ სამსახურები! აი რა ქნას პატრულის უბრალო ინსპექტორმა რა დღეში აგდებენ?” – წერს ირმა ამბარდნიშვილი.
გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა ქალსა და მის მცირეწლოვან შვილს ავტომობილი 13 ივლისს საღამოს შეეჯახა. ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, 3 წლამდე ბავშვი კი მეორე დღეს დაიღუპა. ავტომობილის მძღოლი, რევაზ ელიზბარაშვილი შემთხვევის დღესვე დააკავეს. გორის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 15 ივლისს შეუფარდა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაღუპულების ოჯახის ახლობლები მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ და შსს-ს მიმართავენ: “სატრანსპორტო წესების დარღვევის” მუხლით რომ აღძარით საქმე შსს, გგონიათ შევარჩენთ? 109-ე მუხლით უნდა დაიწყოს ძიება! ორი უდანაშაულო ადამიანი მოკლა! დიახ, განზრახ მოკლა! თან ნარკოტიკი რომ მოიხმარა და თან ფეხზე ვერ დგებოდა პოლიციაში რომ მიათრიეს ეგ გარეწარი! 16 წთ-ში 3 ჯარიმა რომ დაეწერა, პატრულმა რატომ არ დააკავა?…”
