საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი შეფის გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი დახურულ რეჟიმში გრძელდება. აღნიშნულ საქმეზე ჩვენებას სუს-ის გამომძიებლები აძლევენ. ამასთან ერთად, პროცესზე ის ადამიანები მიიყვანეს, რომლებიც ლილუაშვილის სახლში ჩხრეკის პროცესში მონაწილეობდნენ.
პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე “გამომძიებლების დიდი ბაზაა დასაკითხი”. მისივე თქმით გამომძიებლების გარდა ასევე დარჩენილია რამოდენიმე მოწმე.
“გამომძიებლების გარდა კიდევ დარჩენილია რამდენიმე მოწმე – რაც შეეხება უშუალოდ გამომძიებლებს, საკმაოდ მოცულობითი საქმეა, ამიტომ გამომძიებლების დიდი ბაზაა დასაკითხი. ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, დაცვის მხარემ გარკვეულ გამომძიებელთა დაკითხვა არარ მოინდომოს. ეს დაცვის მხარის გადასაწყვეტია”, – ამბობს საქმის პროკურორი.
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განმარტებით, იმისათვის, რომ ბრალდების მხარეს მანიპულაციის შესაძლებლობა არ ჰქონდეს სატელევიზიო კომენტარების დროს, აუცილებელია პროცესები საჯარო იყოს.
მისივე თქმით, “დაცვის მხარე ყველა მოწმისგან ელოდება იმ ობიექტურ ჭეშმარიტებასა და რეალობას, რომ ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ აქვს მიღებული”.
“დაცვის მხარე ყველა მოწმისგან ელოდება იმ ობიექტურ ჭეშმარიტებასა და რეალობას, რომ ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ აქვს მიღებული.
პროცესის დასრულების შემდეგ, ბრალდების მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები სოციუმის ცრუ ინფორმაციით გამოკვებას ემსახურება, რომ თითქოს პროცესზე ჟღერდება იმგვარი სახის ინფორმაცია მოწმეებისგან, რაც გრიგოლ ლილუაშვილის დანაშაულებრივ ქმედებას ამხელს.
პროცესების განხილვა უნდა ყოფილიყო საჯარო, რომ ბრალდების მხარეს მანიპულაციის შესაძლებლობა არ ჰქონოდა, სატელევიზიო კომენტარების დროს”,- განაცხადა ლანა ცერცვაძემ.
ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.
