5 წლის სანდრო ბაბუხაძემ ველოსიპედისთვის შეგროვებული ნაგროვები ფული თელავში მოხალისეებს გადასცა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი ავრცელებს.
“ზოგჯერ ყველაზე დიდი მაგალითი ყველაზე პატარა ადამიანებისგან მოდის…
ეს სანდროა – 5 წლის ბიჭუნა, რომელმაც დღეს თელავში, სტიქიის ზონაში, ყველას დაგვანახა, რა ძალა აქვს სიკეთეს, თანაგრძნობასა და სიყვარულს.
სანდრო მოხალისეებთან საკუთარი ყულაბით მოვიდა. ეს იყო ფული, რომელსაც დიდი ხანია ველოსიპედისთვის აგროვებდა. ყულაბა გადმოგვცა და ისეთი სიტყვები თქვა, რომლებიც, ალბათ, ყველას დიდხანს დაგვამახსოვრდება:
„ვიცი, აქ ველოსიპედი ვერ ივლის და ამიტომ. ჯერ გზა უნდა გააკეთონ. მოხალისეებს მოგიტანეთ, რომ ჩემი ფული დახარჯოთ. ჯერ არ ვარ დიდი, რომ ფიზიკურად დაგეხმაროთ.“
ამ პატარა ბიჭმა დღეს ყველას შეგვახსენა, რომ დახმარებისთვის ასაკი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ დიდი გული, რომელსაც სხვისი ტკივილი საკუთარ ტკივილად მიაქვს.
სანდრომ თავისი ყულაბით მხოლოდ თანხა არ მოიტანა მან იმედი, სიყვარული და რწმენა მოიტანა. გვაჩვენა, რომ სიკეთე ყველაზე ძლიერი ძალაა და სწორედ ასეთი ადამიანები აძლიერებენ ქალაქს ყველაზე მძიმე წუთებში.
მადლობა, სანდრო. შენ დღეს ბევრ დიდ ადამიანს ასწავლე, რას ნიშნავს ნამდვილი თანადგომა.
შენ ჩვენი პატარა გმირი ხარ და მთელი თელავის საამაყო შვილი.” – წერს ჟურნალისტი.
