დაკავებული პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა. ინფორმაცია დაადასტურა “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურა ჩხაიძემაც. მისი თქმით, ის საქმის კურსში არ არის, თუ რა აჩვენა კვლევებმა.
“დიახ, კვლევებზე, თვითონ გადაწყვიტეს, რომ ეს კვლევები ჩატარებულიყო თოდუას ცენტრში. არა, მერ არ ვარ საქმის კურსში [რა აჩვენა კვლევებმა], მის მკურნალ ექიმთან უნდა იკითხოთ,” – განაცხადა ზურა ჩხაიძემ.
როგორც ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, ანი ქავთარაძე განმარტავს, გადაყვანა წინასწარ იყო დაგეგმილი და რაიმე გართულების გამო არ მომხდარა.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი დაკავებული ლიდერი კვლევების ჩატარების შემდეგ კვლავ “ვივამედში” დააბრუნეს.
ანი ქავთარაძე განმარტავს, რომ დაკავებული ქალი პოლიტიკოსის ექიმებს დაახლოებით 20 ივლისისთვის ექნებათ ყველა კვლევა, რომელიც დაგეგმილი იყო და ამის შემდეგ დაიგეგმება ძირითადი დიაგნოზის მკურნალობა.
მისივე თქმით, ელენე ხოშტარიას მდგომარეობა სტაბილურია და შედარებით მოხსნილია ტკივილი, რომელიც მას ციხეში ყოფნის პერიოდში ტანჯავდა.
“დღეს ჩვენ გვქონდა რუტინული, გეგმიური კვლევები, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, აქ გართულების გამო არ მომხდარა გადაყვანა. როგორც იცით, ჩვენ პენიტენციურ სამსახურთან გვქონდა შეთანხმება, რომ კვლევების ნაწილს ჩავატარებდით “ვივამედში”, ნაწილს სხვა კლინიკაში, იმის მიხედვით, თუ როგორ განსაზღვრავდა მისი მკურნალი ექიმი და შესაბამისად ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გეგმიური გადაყვანა კვლევების წარმოების მიზნით.
კვლევები დასასრულს უახლოვდება, დაახლოებით 20 რიცხვისთვის ჩვენ გვექნება სრულად სახეზე ყველა ის კვლევა, როგორც ინსტრუმენტული, ასევე ლაბორატორიული, რაც დაგეგმილი გვქონდა და უკვე დაიგეგმება ძირითადი დიაგნოზის მკურნალობის საკითხი.
რაც შეეხება ელენეს მდგომარეობას არის სტაბილური, გაუმჯობესებულია სტაბილურად, ტკივილი, რომელიც მას ტანჯავდა ციხის პერიოდში, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი ნაწილი მოხსნილია იმიტომ, რომ შევეცადეთ ტკივილი გვემართა ადეკვატურად და დღეს გაცილებით უკეთ გრძნობს ამ მხრივ თავს, თუმცა ძირითადი მკურნალობა ჯერჯერობით არ დაწყებულა სწორედ იმიტომ, რომ ველოდებით კიდევ კვლევების დასრულებას,” – გვითხრა ანი ქავთარაძემ.
ცნობისთვის, ხოშტარიას კლინიკა “ვივამედში” ეტაპირების გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მას შემდეგ მიიღო, რაც ციხეში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
