ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული კაცი ამტკიცებს, რომ “პროვოკაცია მეგობარმა ქალმა მოუწყო” – ეს განცხადება მძიმე დანაშალში მხილებულმა კაცმა სასამართლო პროცესზე გააკეთა, სადაც ამ წუთებში დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
ბრალდებული ირწმუნება, რომ ფარული ვიდეო-კადრები, რაც გამოძიების ხელთაა, სწორედ ამ ქალბატონის მიერ არის გადაღებული.
50 წლის კაცის მტკიცებითვე, საკუთარ ანგარიშზე, სადაც თანხა ირიცხებოდა, ხელი არ მიუწვდებოდა.
იგივე გაიმეორა “ტვ პირველთან” ბრალდებულის ადვოკატმა.
უფლებადამცველის თქმით, აღნიშნული ანგარიშით ის ქალბატონი სარგებლობს, ვისაც დაკავებული “პროვოკაციის მოწყობაში” ადანაშაულებს.
კაცს ხელბორკილები ბათუმში დაადეს. გამოძიების ვერსიით, ის ერთ-ერთია 121 დაკავებულს შორის, რომელსაც შავ ბაზარზე ნარკოტიკების რეალიზაციას ედავებიან.
“მაინც თვითონ იცავენ ჩემს ანგარიშს და თვითონ განაგებენ. მე არაფერთან შეხება არ მქონია. მე ვშრომობ, შვილიშვილის პატრონი ვარ, ბათუმში სამსახურში ვიყავი რომ დამირეკეს, მივედი და შევხვდი. არავის არ დავმალულვარ და არ ვემალები”, – განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე.
“ბრალდებული არ ეთანხმება ბრალდებას და კატეგორიულად უარყოფს ნარკოტიკის გასაღებაში მონაწილეობას. ნამდვილად ფიგურირებს ერთ-ერთი ქალბატონი ამ სისხლის სამართლის საქმეში. ბრალდებულის განმარტებით, ბრალდებულს პროვოკაცია მოუწყო. ეს მინდა გითხრათ, რომ არანაირ ნარკოტიკის გასაღებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია და არც ვიდეო-კადრებში არ არის დაფიქსირებული, იდენტიფიცირება არ არის ჯერ-ჯერობით ყოველ შემთხვევაში მომხდარი. იმ ანგარიშზე, რომელ ანგარიშზეც თანხა იქნა ვითომ ნარკოტიკის საყიდლად ჩარიცხული ქალბატონის მიერ, ხელი არ მიუწვდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და თავად ქალბატონი სარგებლობს აღნიშნული ანგარიშით”. – ამბობს ადვოკატი.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით დაკავებულთა შორის შორის ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 59 პირია.
ასევე, დაკავებული არიან ის პირები, რომელთა მხილების მიზნით, სამართალდამცველებმა მათ სახელზე შენიღბულად გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
შსს-ს ცნობით, ხელბორკილები დაადეს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
საქმეში დევს ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. ირკვევა, რომ პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.
