კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე აცხადებს, რომ თელავში, სტიქიური მოვლენის ეპიცენტრიდან ძირითადი ნატანი მასა უკვე გატანილია, გრძელდება დატბორილი შენობების სარდაფების გაწმენდა.
„სტიქიური მოვლენის ეპიცენტრიდან ძირითადი ნატანი მასა უკვე გატანილია. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. თელვისხევის სათავე ნაგებობაზე და სოფლების – გულგულისა და ვარდისუბნის მიმართულებით კეთდება ნაპირდამცავი გაბიონები, რათა 2-კილომეტრიან კრიტიკულ მონაკვეთზე აღარ შეექმნას საფრთხე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. ასევე ცოცხალი ძალა ჩართულია და გრძელდება დატბორილი კომერციული ობიექტების, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სარდაფების გაწმენდა. აქვე აღვნიშნავ, რომ წყალმომარაგების შეზღუდვა გვაქვს მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – წინანდალი, კისისხევი და ვარდისუბანი. ამ დროისათვის მიმდინარეობს სამუშაოები სათავე ნაგებობებზე, რათა მოწესრიგდეს სტიქიის დროს მიყენებული ზიანი და აღდგეს სრულყოფილი წყალმომარაგება ზემოაღნიშნულ სოფლებში.
ქალაქ თელავში ვარდოშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა სამხარაულის საექსპერტო ბიურო, მოხდა პირველადი შესწავლა და როგორც კი, მზად იქნება არსებული მდგომარეობის ანალიზი და დასკვნა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეცნობება კომერციული ობიექტების მეპატრონეებსა და საზოგადოებას“, – აღნიშნა კალმახელიძემ.
