“გომის მთაზე, ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას სახელი ეწოდა. ეს დღე ჩვენი ოჯახისთვის განსაკუთრებული სიამაყისა და ემოციის დღეა.
წლები გადის, მაგრამ ზაზას გმირობა, სამშობლოსადმი სიყვარული და თავდადება კვლავ ცოცხლობს ადამიანების გულებში. მისი სახელი დღეს უკვე მთის მწვერვალსაც ამშვენებს იქ, სადაც ცა და მიწა ერთმანეთს ხვდება.
მადლობა ყველას, ვინც ზაზა დამენიას ხსოვნას ასე ღირსეულად უფრთხილდება. მადლობა ამ ადამიანებს: დიმიტრი ქართლელიშვილი, პოლკოვნიკი ნოდარ ხორბალაძე, ზვიად თურმანიძე, თედო გორგოძე, ალექსანდრე ჭინჭარაული.
დიდება საქართველოს გმირებს! 🇬🇪
დიდება ზაზა დამენიას ნათელ ხსოვნას! ” – წერს ზაზა დამენიას ცოლი ხათუნა ხუხუნაიშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს ეროვნული გმირი, კაპრალი ზაზა დამენია 1972 წლის 22 ოქტომბერს ქალაქ ოზურგეთში დაიბადა. ის 1992 წლიდან საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა, იბრძოდა აფხაზეთში. 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს კაპრალმა ზაზა დამენიამ საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა: საქართველოს ეროვნული გმირი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა, რითაც თანამებრძოლები სიკვდილისგან იხსნა.
