კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, თელავის მუნიციპალიტეტში, კავკასიონისა და სეხნიაშვილის ქუჩების კვეთაზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.
მისივე თქმით, გაწმენდითი სამუშაოები ასევე დაგეგმილია თელავისხევის 13-კილომეტრიან მონაკვეთზე, რის შემდეგაც განხორციელდება აღნიშნული ხევის პროექტირება და რეაბილიტაცია – სათავე ნაგებობიდან ალაზნის შესართავამდე.
„ყველა კომუნალური სერვისი ქალაქში აღდგენილია. პრობლემად რჩება სოფლის ხევები, რომლებიც სტიქიის შედეგად ადიდდა. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ სტიქია მოხდა მთლიანად თელავის მუნიციპალიტეტში. პირველ ეტაპზე პრიორიტეტი მიენიჭა თელავისხევის გაწმენდას, რადგან ეს ქმნიდა მოსახლეობისთვის საშიშროებას. დანარჩენი ხევები საშიშროებას უქმნიდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, შემდგომ ეს იყო პრიორიტეტის მეორე ეტაპი“, – აღნიშნა კალმახელიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, რამდენიმე სოფელში მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება მობილური ავზების საშუალებით ხორციელდება, ხვალიდან კი, სოფელ ვარდისუბნის წყალმომარაგება თელავის წყალმომარაგების სისტემიდან იქნება უზრუნველყოფილი.
„დღეს მძიმე ტექნიკა მობილიზებული იქნება კისისხევის, შალაურისა და კულდღელაურის ხევებში სადაც დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის აღნიშნულ სოფლებს არ მიეწოდებათ წყალი, რადგან დაზიანებულია სათავე ნაგებობები. ვეცდებით, მივიდეთ სათავე ნაგებობებთან და აღვადგინოთ წყალმომარაგება. მანამდე კი, ჩვენ მობილური ავზების საშუალებით უზრუნველვყოფთ აღნიშნული სოფლების წყალმომარაგებას. რაც შეეხება სოფელ ვარდისუბანს, ხვალიდან თელავის წყალმომარაგების სისტემიდან იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.
