„რიყის დოქები“ უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ნაგვის ბუდე იყო და კერძო მესაკუთრემ მიიღო გადაწყვეტილება დემონტაჟთან დაკავშირებით, – ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით, კერძო მესაკუთრეს მერიაში არ წარუდგენია პროექტი, რომელიც „რიყის დოქების“ ადგილას განხორციელდება.
“თქვენ ძალიან ხშირად აპელირებთ ამ თემაზე. მე მინდა თქვენ დაგისვათ შეკითხვა – რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ 2011 წელს განხორციელებული ამხელა მასშტაბის პროექტი მაშინ, როცა ქვეყანაში ასეთი მძიმე სოციალური ფონი იდგა და უამრავი პრობლემა არსებობდა? რაღაც გაუაზრებელი პროექტისთვის 75 მილიონის დახარჯვა სწორი იყო? ეს იყო ხალხის ფული,” – ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტს კითხვაზე – რატომ იყო რიყის დოქები წლების განმავლობაში უფუნქციოდ.
კალაძე აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, აღნიშნულ ტერიტორიაზე „ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი“ განხორციელდება.
„ეს არის კერძო საკუთრება, შენობა, რომელიც იყო აბსოლუტურად უფუნქციო. ნაგვის ბუდე, შეიძლება ასე ითქვას, უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ფუნქციურად გაუმართლებელია და შესაბამისად, კერძო მესაკუთრემ მიიღო გადაწყვეტილება დემონტაჟთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის განკარგულება იყო, როდესაც არქიტექტურის სამსახური გასცემს ნებართვას დემონტაჟზე, უნდა შეესაბამებოდეს ყველა არქიტექტურულ მოთხოვნას. თავისი წესები აქვს დემონტაჟს და ეს თანხმდებოდა ამდენი ხნის განმავლობაში. ჩვენ კულტურის საბჭოსთან ერთად მივეცით იმის შესაძლებლობა მესაკუთრეს, რომ განახორციელოს დემონტაჟი და შემდეგ დაველოდებით უკვე ახალ პროექტს, რომელიც მერიაში იქნება წარმოდგენილი და ვიმსჯელებთ აღნიშნულის განვითარებასთან დაკავშირებით.
ჯერ არ ყოფილა არანაირი წინადადება, არანაირი პროექტი. როგორც კი იქნება შემოტანილი, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება გაიგებს. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, შესაბამისად, პროექტიც უნდა შეესაბამებოდეს გარემოს. დარწმუნებული ვარ, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი, რომელიც განხორციელდება,“ – განაცხადა კალაძემ.
