გვიან ღამით მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს დახლები აუშალეს და ნაგვის ბუნკერში გადაუყარეს – სადგურის მოედანზე ე.წ დეზერტირების ბაზართან მომუშავე მოვაჭრეებმა დილით აღმოაჩინეს, რომ ტერიტორია, სადაც ოჯახების სარჩენად თანხას გამოიმუშავებდნენ, სრულად მოსუფთავებულია და მუშაობის უფლებას აღარავის აძლევენ.
თვითდასაქმებულები ამბობენ, რომ ახლა პრაქტიკულად ლუკმა-პურის გარეშე რჩებიან. გარემოვაჭრეებს შორის არიან მძიმე დიაგნოზის მქონე მარტოხელა ქალებიც, რომლებიც “ტვ პირველს” ეუყვებიან, რომ სახელმწიფო მათ სიკვდილისთვის წირავს.
“ან თავს მოვიკლავ, ან რამეს ვიზამ. საერთოდ აღარ მინდა სიცოცხლე, ამას სიცოცხლე აღარ ჰქვია” – მოვაჭრე “ტვ პირველთან”
“ვარ მარტოხელა ქალი, თუ ვინმე მყავდა ყველა მიწაშია. მაქვს შაქრიანი დიაბეტი, ჩავვარდი კომაში და წამიყვანეს, თითები აღარ მაქვს, მომაჭრეს. გამოვდივარ ერთი ყუთით, რომ პური ვიყიდო და ასე მომექცნენ, თუ რამე მქონდა ყველაფერი წაიღეს. მითხარით, რა გზას დავადგე? პენსია ქირაზე არ მყოფნის. გამოტანილი მაქვს სესხი, ნახევარი იმას მიაქვს, მრჩება ნახევარი 150 ლარი – თუ რომელიმე ოჯახი 150 ლარად მთელი თვე იკვებება, კი ბატონო, თვალებს დავხუჭავ.
რას ვაპირებ და ერთი ყუთით დავდგები, რომ საღამომდე ერთი პური მაინც ვიყიდო, თუ ვინმე მოვა ან თავს მოვიკლავ, ან რამეს ვიზამ. საერთოდ აღარ მინდა სიცოცხლე, ამას სიცოცხლე აღარ ჰქვია.
1000 ლარის საქონელი ბუნკერში ჩამიყარეს. სტალინს არ გაუკეთებია ეს. ღამის 03:00 საათზე ჩუმად მოგვეპარნენ, ჩუმად მიჭერდნენ და ისე გვართმევდნენ. შეიძლებოდა ეს? მე ვითხოვ ჩემი თანხის ანაზღაურებას”, – აცხადებს გარემოვაჭრე.
გარემოვაჭრეების უმეტესობა პენსიონერია – ამბობენ, რომ გარეთ წვიმაში, პაპანაქება სიცხესა თუ ძლიერ ქარში იმიტომ დგანან, რომ მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მედიკამენტები შეიძინონ, რომელთა ყიდვას პენსიით ვერ ახერხებენ.
“მოგვიმატონ მაშინ პენსია და დავჯდებით სახლში”, – ეუბნებიან ხელისუფლებას გარემოვაჭრეები.
“68 წლის ქალი ვარ, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები მაქვს, 400 ლარის წალმები მინდა თვეში, ეს წამლები რომ არ მივიღო, დამემართება ინსულტი. ასეთ ქალს მაგდებენ მე პატარა ადგილიდან, სინდისიერად ვვაჭრობ, რომ პულის ფული მივიტანო სახლში. თუ მაგდებ, მაშინ პენსია მომიმატე შე ოჯახიშვილო და არავის შევაწუხებ. თუ ჩემი თავი მე არ ვარჩინე, ვის მოვთხოვო პურის და წამლის ფული?”, – ამბობს დასაქმებული.
