რუსეთის პენზის ოლქში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე საწვავის რიგში მდგომ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. შემთხვევის ამსახველი კადრები Telegram-არხებზე ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი საწვავის დეფიციტის ფონზე წარმოიშვა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. არაოფიციალური ცნობებით, ინციდენტის დროს, სავარაუდოდ, ცივი იარაღიც გამოიყენეს.
მედიის ინფორმაციით, ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის. ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის სხვადასხვა რეგიონში საწვავის დეფიციტისა და ავტოგასამართ სადგურებთან წარმოქმნილი მრავალსაათიანი რიგების გამო მძღოლებს შორის არაერთი დაპირისპირება დაფიქსირდა.
რუსული მედიისა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობებით, საწვავის კრიზისი უკრაინის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ გამწვავდა. რიგ შემთხვევებში მოქალაქეები საათობით ელოდებიან საწვავის შეძენას, თუმცა რიგის დასრულებამდე ბენზინი იწურება და მისი ყიდვა ვერ ხერხდება.
