თელავში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალი ძალა ჩაერთვება. ქალაქის გაწმენდის სამუშაოებში ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. პროცესში ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც. უკვე გააკეთეს განცხადებები მოხალისეებმაც.
გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლებულია და კავკასიონის ქუჩა, რომელიც ნარჩენებითა და ქვებით იყო ჩახერგილი, უკვე გასუფთავებულია.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომელიც კალაპოტს ასუფთავებს და ნაპირსამაგრ სამუშაოებს ასრულებს.
ქალაქში თითქმის სრულად აღდგა ელექტროენერგიის, ნუნებრივი აირისა და წყლის მიწოდება.
შეგახსენებთ, გუშინ, ღამით, ადიდებულმა თელავის ხევმა მასშტაბური ზიანი მიაყენა თელავის ნაწილსა და რამდენიმე სოფელს. განადგურებულია ინფრასტრუქტურა, დატბორილია საცხოვრებელი კორპუსები და ვენახები. მთავრობის წევრების ჩართულობით, თელავში სალიკვიდაციო შტაბი მუშაობს.
