რუსეთში საწვავის კრიზისის გაღრმავების ფონზე ციმბირის რეგიონების ხელისუფლება მოსახლეობასა და ბიზნესს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლისა და ენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
ტომსკის ოლქის გუბერნატორის მოადგილის ოლგა კრილოვას განცხადებით, საჯარო უწყებების თანამშრომლებს სამსახურებრივი მივლინებების უფრო შერჩევითად დაგეგმვა და ონლაინ შეხვედრების უფრო აქტიურად გამოყენება დაევალათ.
ამასთან, ნოვოსიბირსკის ოლქის გუბერნატორის მოადგილემ კონსტანტინე ხალზოვმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც ყველა საწარმოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროების გარდა, ეძლევა რეკომენდაცია თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.
დოკუმენტი მოსახლეობას ასევე მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად ნაკლებად გამოიყენონ პირადი ავტომობილები.
„ნოვოსიბირსკის ოლქის მცხოვრებლებს ვურჩევთ, შეზღუდონ კერძო ავტომობილებით გადაადგილება. თუ მგზავრობა აუცილებელია, წინასწარ დარწმუნდნენ, რომ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად საკმარისი საწვავი აქვთ“, – ნათქვამია განკარგულებაში.
როგორც POLITICO აღნიშნავს, ტომსკისა და ნოვოსიბირსკის ოლქები ესაზღვრება ომსკის რეგიონს, სადაც რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. საწარმო 6 ივლისს უკრაინული დრონების შეტევის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ადგილობრივი ჟურნალისტების ინფორმაციით, საწვავის კრიზისი უკვე რუსეთის თითქმის მთელ ტერიტორიას მოედო. ქვეყნის 89 რეგიონიდან ენერგომოხმარების შეზღუდვები ჯერჯერობით მხოლოდ ერთ რეგიონში არ მოქმედებს. ზოგიერთ რეგიონში კი ბენზინის გაყიდვა ლუწი და კენტი რიცხვების პრინციპით მიმდინარეობს, რათა საწვავის დეფიციტი ნაწილობრივ მაინც შემცირდეს.
სხვადასხვა რეგიონის მონაცემებით, მძღოლებს საწვავის შესავსებად რიგში დგომა ზოგჯერ 12 საათამდეც უწევთ.
