ადვოკატ ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმის მასალებში ვერ იპოვა ვერც პირდაპირი და ვერც ირიბი მტკიცებულება, რაც მის დაცვის ქვეშ მყოფს, დავით დეკანოსიძეს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობაში დაადანაშაულებდა. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე სხდომის დასრულების შემდგომ განუცხადა.
ადვოკატის თქმით, სად იმყოფება ამ დროისთვის მისი დაცვის ქვეშ მყოფი, დავით დეკანოსიძე, მისთვის უცნობია. ალექსანდრე ჩხეიძის თქმით, ბრალდების მხარე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რასაც არ ეთანხმებოდა. ადვოკატს მიაჩნია, რომ არ არსებობს არცერთი საფრთხე, რომელიც დეკანოსიძისთვის პატიმრობის შეფარდების მოტივად პროკურატურამ დაასახელა.
„ბრალდება აბსტრაქტულად საუბრობდა გარკვეულ საფრთხეებზე, მიმალვის საფრთხეზე, თუმცა არ აქვს არანაირი ფაქტი, რაც დაადასტურებდა, რომ დავით დეკანოსიძე ინფორმირებულია, რომ მას იბარებდნენ პოლიციაში ან დღეს, სასამართლოში. ასევე, საუბრობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე, მაგრამ ვერ დაასახელა ვერცერთი მოწმე და მტკიცებულება, რაზედაც ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს. ასევ საუბრობდა, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებზე, რაც მიმაჩნია, რომ ასევე არ არსებობს ეს საფრთხე. დავით დეკანოსიძე დღეის მდგომარეობით არის ნასამართლობის არმქონე პირი.
გუშინ გადმომცეს სისხლის სამართლის საქმეები, შესაბამისად, ჩემ დაცვის ქვეშ მყოფთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. გავეცანი მასალებს, ვერანაირი მტკიცებულება, პირდაპირი კი არა, ირიბიც ვერ ვიპოვე, რაც დაადანაშაულებდა დავით დეკანოსიძეს აღნიშნული ბრალდების ჩადენაში“, – განაცხადა ალექსანდრე ჩხეიძემ.
ინფორმაციისთვის, პროკურატურამ 2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნა.
როგორც თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინება.უწყების ინფორმაციით, გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, კვარაცხელიას მკვლელობა დაგეგმეს.გამოძიების ვერსიით, 2015 წლის 25 დეკემბერს ბრალდებულები შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში, გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც გიორგი კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიღებული ჭრილობების შედეგად კვარაცხელია გარდაიცვალა.თორნიკე კაჭარავას ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა, ხოლო დავით დეკანოსიძეს – დაუსწრებლად. მასზე ძებნა გამოცხადდება. ორივეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ეხება.
