ალეკო ელისაშვილის სამართლებრივი ინტერესების დასაცავად გავაგრძელებთ შესაბამისი სამართლებრივი საშუალებების გამოყენებას, – ამის შესახებ ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებული „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.
ადვოკატის თქმით, აუცილებლად გატარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება, რათა „უსამართლო პოლიტიკური პატიმრობა დროულად დასრულდეს“.
„დღევანდელი განაჩენის სამართლებრივი შეფასება არის ის, რომ სამართლებრივად მინიმალური დასაბუთებაც კი არ აქვს ამ გადაწყვეტილებას და არც შეიძლებოდა, ჰქონოდა სამართლებრივი დასაბუთება. ბუნებრივია, გავაგრძელებთ შესაბამისი სამართლებრივი საშუალებების გამოყენებას, რათა ელისაშვილის სამართლებრივი ინტერესები დაცული იყოს, შევიტანთ შესაბამის საჩივარს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში და როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს. მოლოდინი გვქონდა, რომ ეს პოლიტიკური პატიმრობა, ერთი განაჩენით ერთ დღეში და ერთ წუთში არ და ვერ დასრულდებოდა, ამას დასჭირდება შემდგომი ნაბიჯები, აქტიურობა და აუცილებლად გატარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება, რათა ეს უკანონო და უსამართლო პოლიტიკური პატიმრობა დროულად დასრულდეს“, – განაცხადა ჩოფიკაშვილმა.
ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით, 29 ნოემბრის ეპიზოდზე, „ძლიერი საქართველო- ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
