რიკოთის უღელტეხილზე მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბეტონის ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიციის თანამშრომლები.
თვითმხილველის ინფორმაციით, ავტომობილში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი სხვადასხვა დაზიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ტრაგედიის შედეგად დაღუპულები არიან შაკო ლურსმანაშვილი და დათო კობახიძე, რომლებიც, ახლობლების ინფორმაციით, უახლოესი მეგობრები იყვნენ.
მომხდარის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
გამოძიება ავარიის ყველა გარემოების დასადგენად გრძელდება.
