მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის – ასე ეხმაურება თბილისში მოკლული გიორგი კვარაცხელიას დედა 11 წლის წინ მომხდარი მკვლელობის გახსნას.
ინგა კვარაცხელია ამბობს, რომ მკვლელობის შემსრულებლების, თორნიკე კაჭარავას და დავით დეკანოსიძის გარდა, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ის პირები, ვინც საქმის ჩაფარცხვაში იღებდნენ მონაწილეობას.
დედა, რომელმაც საკუთარი შვილის მკვლელობას სამზარეულოს ფანჯრიდან უყურა, მედიასთან აცხადებს, რომ სამართალმა მის ოჯახამდე წლების დაგვიანებით მიაღწია.
“მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. 10 წლის შემდეგ სამართალმა ჩვენამდეც მოაღწია. ყველა ის ადამიანი, ვისაც იოტისოდენა წვლილი მიუძღვის საქმის ჩაფარცხვაში, მაქსიმალურად იქნება დასჯილი. იყო დასახელებული დიახ გვარები (ფარცხალაძე და ჩოხელი). საერთოდ არ იცნობდა ჩემი შვილი არც დეკანოსიძეს და არც კაჭარავას. უშუალოდ ეს არის მკვლელობის ადგილი. მე დავინახე ყველაფერი. ამოცნობაც შემიძლია დიახ. 10 წელი ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ აღნიშნულ მკვლელობას ჰყავდა მფარველები და მაგიტომ დასჭირდა ამდენი დრო” – ამბობს დედა.
