რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარე ბელექანჩაი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, სოფელ ერისიმედში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. სტიქიის ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ტექნიკა, ინტენსიურად მუშაობენ სამაშველო ჯგუფები. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.
