სომხეთში დაკავებული პარტია “აყვავებული სომხეთის” ლიდერის, გაგიკ წარუკიანის სახლიდან ერევნის ზოოპარკში გადაყვანილი ლომი მოკვდა – ცნობილია, რომ ლომი ზოოპარკში გადაყვანის მიზნით დროებით დააძინეს, თუმცა გადაყვანის შემდეგ მან ვეღარ გაიღვიძა. ზოოპარკში მიიჩნევენ რომ ეს ცხოველის “ხანდაზმულობისა” და იმ დაავადებების ბრალია, რაც მას აღენიშნებოდა.
სომხეთში პარტია “აყვავებული სომხეთის” ლიდერი, პრორუსი ოლიგარქი გაგიკ წარუკიანი გუშინ დააკავეს. მას განსაკუთრებით მასშტაბურ თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. წარუკიანს ჩამოართვეს მანქანები და 190-მდე ცხოველის ფიტულიც. გამოძიების განცხადებით, ეს ფიტულები და ცხოველებიც ნივთმტკიცებად არის მიჩნეული უკანონო ნადირობის საქმეზე, რომელმაც გარემოს დაახლოებით 77 000-მდე აშშ დოლარის ზარალი მიაყენა.
