“ქართული ოცნება” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებული რეზოლუციების გათვალისწინებას არ აპირებს. თენგიზ შარმანაშვილმა მედიასთან საუბრისას პირდაპირ თქვა, რომ ხელისუფლება მსგავს რეზოლუციებს დიდი ხანია ყურადღებას აღარ აქცევს. მისი მტკიცებით, ეს არის “ყალბ ნარატივებზე დაფუძნებული იაფფასიანი დოკუმენტი”.
ამასთან, “ქართული ოცნების” დეპუტატი რეზოლუციის ავტორს, ჯო უილსონსაც აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ ის საქართველოს მტერია.
“ის არის არასერიოზული ადამიანი, თუმცა მას შეუძლია ბევრი ცუდი რამე გაუკეთოს საქართველოს, მაგრამ ამდენი წელია ცდილობს და არ გამოსდის. კი, გვაზიანებს, მაგრამ არ გამოსდის.
საქართველოში არავითარი პოლიტპატიმრები არ არიან. საქართველოში პატიმრების გათავისუფლება მოხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და არა ვინმეს ზეწოლის საფუძველზე. თუ კიდევ ვერ მივხვდა ვინმე, რომ საქართველოზე ზეწოლის გამო საქართველო არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს, ეს მისი პრობლემაა. არასდროს უკვე საქართველო, ვიდრე ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, არავის ჭკუაზე არ გაივლის იმ გაგებით, რომ ზეწოლა ვერ იქნება საფუძველი ჩვენი გადაწყვეტილებების. ერთ-ერტი მტავარი წინაპირობა პირობით ვადამდე გათავისუფლებებისა არის, რომ შენ უნდა აღიარებდე დანაშაულს და თუ ეს წინაპირობები არ შეიქმნება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ნაბიჯებს ვერ გადადგამს.
ჩანს, რომ ეს არის იაფფასიანი, ყალბ ნარატივებზე დაფუძნებული რეზოლუცია და ჩვენ ამას ყურადღებას აღარ ვაქცევთ, აღარ მივაქცევთ, – ამბობს შარმანაშვილი.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. დოკუმენტის მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
