ჟენევაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩასული “ქართული ოცნების” დელეგაცია ცდილობს, საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუციიდან კონკრეტული მუხლები ამოიღონ.
ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტზე სიტყვით ლევან მახაშვილი გამოვიდა, რომელმაც დოკუმენტიდან მეოცე პარაგრაფი ამოეღოთ:
ეს პარაგრაფი ეხება ეუთოს სპეციალური მისიის, მოსკოვის მექანიზმის მიერ მომზადებულ ანგარიშს, სადაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება საქართველოში არსებული პოლიტიკური, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მაჩვენებლების გამო არის გაკრიტიკებული.
“როგორც გუშინ ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, მე მსურს ვითხოვო მე-20 პარაგრაფის, კერძოდ, ბოლო ნაწილზე, რომელიც იწყება სიტყვებით „ხაზგასმით აღვნიშნავთ საგანგაშო ტენდენციას“ და ასე შემდეგ, ვინაიდან ეს არის გადახვევა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ფორმულირებიდან, მე გთხოვთ ქალბატონ მომხსენებელს და ჩემს კოლეგებს, მხარი დაუჭირონ ამ ნაწილის ამოშლას”- თქვა მახაშვილმა.
დეპუტატ მახაშვილის ეს მოთხოვნა კენჭისყრაზე გაიტანეს, თუმცა უთხრეს, რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტი არ გადაიხედება.
რეზოლუციის პროექტში, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საიტზეა გამოქვეყნებული, ის საკითხებია ჩამოთვლილი, რომელთა გამოც საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს.
დოკუმენტში საუბარია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს ბოლო პერიოდში, საქართველოში მიღებულ სხვადასხვა შემზღუდავ კანონებს.
რეზოლუციის პროექტში შეშფოთებაა გამოთქმული ოპოზიციის წარმომადგენლების, მედიისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების შევიწროების, დაკავების ფაქტების გამო.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ:
„გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი, როგორც ისინი იდენტიფიცირებულნი არიან ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ;
გააუქმოს ყველა კანონი, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების სფეროში;
დაიწყოს 2024 და 2025 წლების არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სავარაუდო დარღვევის ყოვლისმომცველი, გამჭვირვალე გამოძიება და პასუხისმგებლობა დააკისროს ყველა დამნაშავეს;
დაიწყოს რეალური რეფორმების პროცესი, ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან (OSCE/ODIHR) კონსულტაციით, სასამართლოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად;
უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო, რათა სამოქალაქო საზოგადოებამ და დამოუკიდებელმა მედიამ საქმიანობა შურისძიების შიშის გარეშე შეძლონ“.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თავის წევრებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ განაგრძონ საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური მუშაობა დემოკრატიული ნორმების დაუყოვნებლივ აღდგენისა და ისეთი მომავალი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად, რომლებიც სრულად შეესაბამება ეუთოს ვალდებულებებს; გააგრძელონ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი და მხარდაჭერა აღმოუჩინონ საქართველოს მოსახლეობას დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გზაზე.
