მაშინ, როდესაც საქართველოს არალეგიტიმური პრეზიდენტი და არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი არ ტოვებენ სამგლოვიარო ცერემონიებს თეირანში, საქართველო არ იქნება წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმზე, არ იქნება იქ, სადაც რეგიონის უსაფრთხოება განიხილება, – ასე ეხმაურება პარტია „დროა“ 7-8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, საქართველოს მეზობლად „ნატოს“ სამიტის გამართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას შავი ზღვის რეგიონის მიმართ, თუმცა განცხადების თანახმად, საქართველოს აღარ იწვევენ იქ, სადაც რეგიონული მშვიდობის საკითხები წყდება, სადაც ჩვენი უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემები განიხილება, სადაც უმაღლეს დონეზე უნდა იყოს წარმოდგენილი საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ხანგრძლივვადიანი მშვიდობა ადარდებს.
„ხვალ ანკარაში ნატო-ს სამიტი იმართება. მასში მონაწილეობას ნატო-ს წევრი და ალიანსის პარტნიორი ქვეყნები მიიღებენ. მონაწილეთა შორის საქართველო არ არის.
მაშინ, როდესაც საქართველოს არალეგიტიმური პრეზიდენტი და არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი არ ტოვებენ სამგლოვიარო ცერემონიებს თეირანში, მათ შორის, ტერორისტ აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას, რომელიც ირანის ტერორისტულმა რეჟიმმა მოკავშირეთა მობილიზაციის კამპანიად აქცია, საქართველო არ იქნება წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმზე. არ იქნება იქ, სადაც რეგიონის უსაფრთხოება განიხილება.
2026 წლის ნატო-ს სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემაა ალიანსის როლი თანამედროვე სამხედრო მრეწველობის განვითარებაში, როგორც წევრ, ასევე პარტნიორ სახელმწიფოებში. ეს შეეხება საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, ანტი-სატანკო, კიბერ თავდაცვისა და დრონების ინდუსტრიის განვითარებას, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროებია.
საქართველოს უშუალო სამეზობლოში ნატო-ს სამიტის გამართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას შავი ზღვის რეგიონის მიმართ. სამიტს ესწრება პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თურქეთის, უკრაინისა და სირიის პრეზიდენტებთან.
ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა საქართველო ჩამოაშორა ევროატლანტიკურ კურსს და მარტო დატოვა რუსეთის, ირანისა და ჩინეთის პირისპირ, რაც ჩვენი ქვეყნის დასუსტების, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხელყოფისა და საბოლოო ჯამში, სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვალი გზაა.
საქართველოს აღარ იწვევენ იქ, სადაც რეგიონული მშვიდობის საკითხები წყდება, სადაც ჩვენი უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემები განიხილება, სადაც უმაღლეს დონეზე უნდა იყოს წარმოდგენილი საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ხანგრძლივვადიანი მშვიდობა ადარდებს.
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების, ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანის ერთადერთი გზა – ივანიშვილის რუსული რეჟიმის ჩამოშლა და ისეთი კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბებაა, რომელიც არა კრემლის, ირანის ტერორისტული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის, არამედ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებით მართავს ქვეყანას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ნატო- ს სამიტი 7-8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართება. შეხვედრას ალიანსის 32 წევრი ქვეყნის ლიდერები და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მთავარი თემებია თავდაცვის ხარჯების ზრდა, სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, უკრაინის მხარდაჭერა და ევროპული უსაფრთხოება. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ლიდერთა ორმხრივი შეხვედრებიც. საერთაშორისო მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში უკრაინისა და სირიის ლიდერებს შეხვდება.
თურქეთი ნატო- ს სამიტს 22 წლის შემდეგ პირველად მასპინძლობს.
