არაერთხელ გვინახავს მათ მიერ მიღებული მკაცრი რეზოლუციები, რომელიც დარჩება ფარატინა ქაღალდად – ჩვენ იმუნიტეტი გამომუშავებული გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა გაერო-ს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” არც ერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ აპირებს.
“ხედავთ ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის ეუთო-ში გაჟღერებულ მესიჯებს. ჩვენ აბსოლუტურად ყველა პლატფორმას ვიყენებთ, რომ დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს, თუ არაპარტნიორებს ჩვენი პოლიტიკური კურსი. იყო საუბარი “მოსკოვის მექანიზმზე”, ასევე, ოკუპაციაზე. არაერთი მოხსენება გაკეთდა ჩვენი დელეგაციის მიერ. რაც შეეხება რეზოლუციას – ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ ნაბიჯის უკან გადადგამს ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით – რაც შეეხება “გამჭვირვალობის კანონს”, “ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს”, თუ “გრანტების შესახებ კანონს”. ჩვენ ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა გვაქვს. ეს კანონები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, შესაბამისად, არც ერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებთ. არაერთხელ გვინახავს მათ მიერ მიღებული მკაცრი რეზოლუციები, რომელიც დარჩება ფარატინა ქაღალდად. შესაბამისად, ჩვენ იმუნიტეტი გამომუშავებული გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით,” – განაცხადა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა 8 ივლისს „ჰააგის დეკლარაციას“ მიიღებს, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს: “გაათავისუფლოს ყველა ქართველი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც იდენტიფიცირებულია ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ; გააუქმოს ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს ვალდებულებებს”.
