უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მდებარე ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალაზე ჩანს, თუ როგორ ამოდის შავი კვამლი პეტერბურგის პორტის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ქარხანაა განლაგებული.
სანკტ-პეტერბურგში აფეთქებების ხმა ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათზე გაისმა. რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქს და ლენინგრადის ოლქს ათობით დრონი ერთდროულად უტევდა.
ნავთობის ტერმინალი, რომელიც ფინეთის ყურეში მდებარეობს, რუსეთის საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი საცავია. აღნიშნული ტერმინალის მეშვეობით რუსეთი ზღვით, რკინიგზითა და საავტომობილო გზით ბენზინის ექსპორტს ახდენს. საუბარია წელიწადში დაახლოებით 12,5 მილიონ ტონა ბენზინზე.
ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის დაზიანების ხარისხი ჯერჯერობით უცნობია.
