გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება დაუმძიმდა. ის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 1 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ კი დღეს ოფიციალურად წარუდგინა ბრალდება, რომელიც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას გულისხმობს. მალანიას წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება სასამართლო პროცესი.
გიორგი მალანია შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილია. შვილისთვის ბრალის წარდგენას იზოლატორში დღეს მერაბ მალანიაც დაესწრო. მან იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სამართლებრივად იბრძოლებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
გიორგი მალანია გიგა ავალიანის მოსწავლე იყო. პროკურატურა აცხადებს, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა გიორგი მალანიას დახმარებით, გაარკვიეს გივა ავალიანის სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.
