ალეკოს მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა გენერალსიმუსმა, ბატონ მდინარაძეს ვგულისხმობ და ვერც “ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება,- ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის მამამ, ვალერი ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ვალერი ელისაშვილის თქმით, სასამართლო პროცესზე, დღეს, ის მოწმის სახით დაიკითხა. ბრალდებულის მამის შეფასებით, მის შვილს მათ შორის “ვერ აპატიეს უკრაინის ომში წასვლა”.
„ალეკოს დაკავების მიზანი იყო მისი დასჯა. გენერალსიმუსი რომ გვყავს, ერთი, ბატონ მდინარაძეს ვგულისხმობ – ეს მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც ”ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება, მე ასე ვთვლი და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას. დიახ, ისჯება იმიტომ, რომ მდინარაძეს დაარტყა და იმაზე, უსამართლობა რომ ხდება ამ შენობაში [სასამართლოს შენობაში] ქალბატონებს, მამაკაცებს, ასაკოვნებს და .შ. ზოგს თმებით ათრევდნენ კორიდორებში… ჩემი თვალით რაც მაქვს ტელევიზორში ნანახი, ვერ მოითმინა. ყველა ადამიანი ინკუბატორის წიწილები არ ვართ, ზოგი ითმენს, ზოგი ვერ ითმენს და გამოხატა პროტესტი.
ეჭვი მეპარება და თუ თვითონ იყო [ვიდეო-ჩანაწერში] და არა სხვა, რაღა მაინც და მაინც სასამართლოს შენობაში მოვიდა? მთაწმინდაზე ცხოვრობს ჩემი შვილი, სამას- ოთხას მეტრშია პარლამენტი, იგივე მანძილზე არის ბატონი კობახიძის რეზიდენცია და იქ მივიდოდა, რაღა მთაწმინდიდან ფეხით აქ მოვიდა”, – განაცხადა ვალერი ელისაშვილმა.
მისი თქმით, მისი შვილის მიმართ გამოძიება თავდაპირველად სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა ახლა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებიან. მამის შეფასებით, რეალურად მის შვილს ბრალი დაუმძიმეს იმიტომ, რომ “ეს იყო შალვა პაპუაშვილის პოლიტიკური მითითება”.
„მე უბრალო ადამიანი ვარ და ზოგიერთი რომ საკუთარ თავს პროფესიონალად თვლის, პარლამენტის თავმჯდომარედ და ა.შ. არც ჩვენ არ ვართ ციდან პარაშუტით ჩამოფრენილი, ჩვენც გვესმის რაღაცები. ჩემს შვილს ვეტყოდი: ქვეყნის სიყვარულისთვის გაგზარდე, ჩემზე მეტად გიყვარს ჩვენი ქვეყანა. ალეკო 1992 წელს 14 წლის იყო, როდესაც აფხაზეთში ომში მიდიოდა და მილიციამ დააკავა რკინიგზის სადგურზე და სახლში მოიყვანეს. 14 წლის ბავშვი აფხაზეთში გარბოდა. მერე 2008 წელის ომში, მერე უკრაინაში წავიდა. ალეკო ელისაშვილს, რა თქმა უნდა, ჯერ თავისი ოჯახი უყვარს, ღმერთი უყვარს და უყვარს თავისი ქვეყანა, მშობლები და დანარჩენი. ეცოდება გაჭირვებული ხალხი. აი, ეს ვერ აიტანა. პროტესტი გამოხატა, თორემ ტერორიზმი რომ ნდომოდა, როდის იყო ტერორისტი დილის 04:00 საათზე მიდიოდა და ფიქრობდა, არავინ დაზარალდესო? ალბათ, ისიც ვერ აპატიეს, რატომ წავიდა უკრაინაში”, – განაცხადა ვალერი ელისაშვილმა.
