დღეს ათასობით ახალგაზრდისთვის სრულიად ახალი, დიდი და საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით წერს.
კუპრაძე აბიტურიენტებს წარმატებასა და საკუთარი ძალების მაქსიმალურად გამოვლენას უსურვებს.
„ეროვნული გამოცდები მხოლოდ ტესტის ჩაბარება არ არის, ეს არის ნაბიჯი იმ დიდი მიზნებისკენ, რომლებმაც ჩვენი ხვალინდელი დღე უნდა განსაზღვროს.
თითოეულ აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას და, რაც მთავარია, დღევანდელ დღეს – მობილიზებას, სიმშვიდეს და საკუთარი ძალების მაქსიმალურ გამოვლენას.
ყველაზე მეტად კი გისურვებთ, რომ აქ, საქართველოში მიღებული განათლება საკუთარ ქვეყანას მოახმაროთ. იცხოვროთ ისეთ საქართველოში, სადაც არავის მოუწევს სხვაგან წასვლა, სადაც შეძლებთ თქვენი ნიჭის, ენერგიისა და ცოდნის სრულად რეალიზებას.
მჯერა, რომ თქვენი წარმატებით აუცილებლად ავაშენებთ და ვიცხოვრებთ ძლიერ, ერთიან და ევროპულ საქართველოში“, – წერს კუპრაძე სოციალურ ქსელში.
