“ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ცილისწამებებს იმ მკვლელთა ქსელისგან, რომელსაც 73 000 უდანაშაულო ღაზელის, მათ შორის, ბავშვებისა და ქალების სისხლში აქვს ხელები გასვრილი. ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა არც გენოციდი, არც მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, არც ჩაგვრა და არც კოლონიალიზმი“ – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ის ისრაელის მთავრობის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას გამოეხმაურა.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთის ისტორია, მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების ჰოლოკოსტისგან გადარჩენასაც ასახავს.
“ნაცისტური დევნისგან გაქცეულთა დაცვაში დამსახურება გვაქვს. მათ, ვინც ცილს წამებს თურქეთსა და თურქ ერს, ეს ყველაზე უკეთ იციან, თუ საკუთარ ისტორიას გადახედავენ“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
ისრაელმა 28 ივნისს ოფიციალურად განაცხადა, რომ მთავრობამ ერთხმად დაუჭირა მხარი სომეხთა გენოციდის ოფიციალურ აღიარებას. შესაბამისი კანონპროექტი განსახილველად ქნესეთის პლენარულ სხდომაზე შევა, სადაც მას საბოლოოდ კენჭს უყრიან. სომეხთა გენოციდად აღიარებული მოვლენები 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივ მკვლელობასა და დეპორტაციას უკავშირდება.
