თბილისის პროკურატურაში ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილის დაკითხვა დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე ცრუ დასმენის მუხლით მას შემდეგ აღიძრა, რაც „შაბათის ფორმულამ“ გოგა ხაინდრავას სავარაუდო საქმიანობის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟი გაავრცელა.
ხაინდრავამ დავით ქაშიაშვილს სასამართლოში უჩივლა, პარალელურად კი საქმეზე გამოძიება საქართველოს პროკურატურამაც დაიწყო.
“მე არ ვიცი პროკურატურას რა ინტერესი აქვს, დაკითხვის შემდეგ უფრო მეტი გამოჩნდება. თუ მათ ჰქონდათ კითხვები წყაროსთან მიმართებაში, რაღა თქმა უნდა, ამ ნაწილში, მე პირადად, არავითარ თანამშრომლობას არ ვაპირებ. ვნახოთ, დამთავრდება დაკითხვა, 16:00 საათზე უნდა შევიდე და იმის მიხედვით უფრო მეტს გეტყვით” – თქვა ჟურნალისტმა გამოკითხვაზე შესვლამდე.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) გამოძიება საგამოძიებო ჟურნალისტების დაშინებისა და მათზე ზეწოლის მცდელობად შეაფასა, ხოლო ევროპის საბჭოს მედიის დაცვის პლატფორმამ საქმეზე განგაშის სიგნალი აამოქმედა.
