2025 წელს თურნავამ ხელფასის სახით 392 700 ლარი მიიღო – ინფორმაციას BMG სებ-ის პრეზიდენტის ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 2025 წელს მიღებული ხელფასი 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6 ათასი ლარით აღემატებოდა. დეკლარაციის თანახმად, ნათია თურნავა რამდენიმე უძრავ ქონებას ფლობს. მათ შორისაა 130,79 კვ.მ ბინა თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც 2003 წელს ჩუქებით გადაეცა. გარდა ამისა, თურნავას საკუთრებაშია 33,03 კვ.მ ბინა ბათუმში, რომელიც 2020 წელს ასევე ჩუქებით მიიღო. 2024 წელს კი მან 50-პროცენტიანი წილი შეიძინა საცხოვრებელ სახლში ბაკურიანში – 199 კვ.მ ფართობის ობიექტი 123 710 ლარად. ასევე, 2024 წელს ბაკურიანში 1 500 აშშ დოლარად შეიძინა ავტოფარეხი. 2025 წელს კი თურნავამ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაშენდაში 1 745 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჩუქებით მიიღო. BMG წერს, რომ ნათია თურნავას მეუღლე, დავით ვეშაპიძე, ფლობს არაერთ მიწის ნაკვეთს საჩხერისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ასევე მშენებარე სახლს თბილისში, რევაზ ჯაფარიძის I შესახვევში (561,8 კვ.მ საერთო ფართი), რომელიც 2015 წელს 100 000 აშშ დოლარად შეიძინა. 2024 წელს ვეშაპიძემ 261 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში ზემო ვაკეში 252 300 ლარად შეიძინა, ხოლო 2022 წელს – 40,72 კვ.მ ბინა ბათუმში 69 880 ლარად.
თურნავას მეუღლის დავით ვეშაპიძის სახელზე 2025 წელს დარეგისტრირდა Lexus RX500H, რომელიც 54 ათას დოლარად არის შეძენილი.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნათია თურნავა საბანკო სეიფში ინახავს 321 000 აშშ დოლარს და 35 000 ევროს, ხოლო დავით ვეშაპიძის სახელზე საბანკო სეიფში შენახულია 105 000 აშშ დოლარი და 10 000 ლარი. ამასთან, დეკლარაციაში არაა მითითებული თუ რომელი კომერციული ბანკის სეიფში ინახავს თურნავა აღნიშნულ თანხას.
ახალ დეკლარაციაში აღნიშნულია , რომ თურნავას მნიშვნელოვანი სასესხო ვალდებულებებიც აქვს. სებ-ის პრეზიდენტმა „ბანკი ქართუდან” 2025 წლის იანვარში ოთხი იპოთეკური სესხი 94 000 აშშ დოლარის, 67 400 აშშ დოლარის 267 100 ევროს და 122 000 ევროს ოდენობით აიღო. აღნიშნული კრედიტები 2033-2040 წლებში უნდა დაიფაროს.
ხარჯების ნაწილში დეკლარაცია ასახავს: შვილზე გადარიცხვებს – 120 000 ლარი; მშენებლობა/რემონტს – 130 000 ლარი (თურნავა) და 90 000 ლარი (ვეშაპიძე); ახლო ნათესავებზე გაწეულ ხარჯებს – 60 000 ლარი; საქველმოქმედო ხარჯებს – 50 000 ლარი; მოგზაურობას – 25 500 ლარი; სამედიცინო მომსახურებას – 17 500 ლარი და ქონების გადასახადს – 12 365 ლარი.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნათია თურნავას მეუღლე დავით ვეშაპიძე “რუსთავის აზოტის” მრჩეველია და მის მიერ გასულ წელს აღებულმა ანაზღაურებამ 56.5 ათასი ლარი შეადგინა. [BMG]
