სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წყველის გამო მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 3 ათასი ლარით დააჯარიმა, ამბობს, რომ ეს სასჯელი მას ვერ შეაკავებს და “წერასაც გააგრძელებს და ბრძოლასაც.“
თამარ გიორგაძე ამბობს, რომ პოსტი, რომელიც 11 ივნისს დაწერა, მისი ემოციური რეაქცია იყო, რაც იმ დღეს მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია.
ვერ გამოდგება დამსჯელ მექანიზმად ვერანაირი სასჯელი და სახდელი, – ამბობს სამოქალაქო ატივისტი.
“3 ათასი ლარით დამაჯარიმა წყევლის გამო, რომელიც მიჩნეულ იქნა ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფად. თავს არ ვთვლი დამნაშავედ, ვსარგებლობ საქართველოს კონსტიტუციით, რომელიც არავის გაუუქმებია. წერასაც გავაგრძელებ, ბრძოლასაც და ვერ გამოდგება დამსჯელ მექანიზმად ვერანაირი სასჯელი და სახდელი. იმ დღეს ბევრი ნიუსი იყო, რამაც დამატრიგერა და გახდა მაპროვოცირებელი, ამ ჩემი პოსტის. იმდღეს იყო, რომ აფგან სადიგოვი დააპატიმრეს, ბაქოში, იმდღეს იყო, რომ 11 – ში განიხილავდა ევროპარლამენტი უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, იმდღეს იყო, საპროცესოებს რომ უფორმებდნენ 4 ოქტომბერს დაკავებულ უდანაშაულო ადამიანებს, ეს იყო ჩემი ემოციური რეაგირება” – განაცხადა გიორგაძემ.
აქტივისტმა ბიძინა ივანიშვილი 11 ივნისს facebook-ის პირად გვერდზე დაწყევლა. ოქმს, რომელიც 15 ივნისით თარიღდება, სამმართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი სანდრო კეპაშვილი აწერს ხელს. ახალმა სამმართველომ ჩათვალა, რომ პოსტის შინაარსი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.
