ფინანსური სანქცია თუ ადმინისტრაციული პატიმრობა – თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს ასამართლებენ.
ცოტა ხანში გახდება ცნობილი, რა სასჯელს დააკისრებს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანი სამოქალაქო აქტივისტს.
თამარ გიორგაძე, რომელიც მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოს ეზოში ელოდება, ამბობს, რომ ეს არის სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და თავს დამნაშვედ არ ცნობს.
“მედავებიან ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფას. მე დავწერე პოსტი ჩემ პირად გვერდზე, სადაც შეურაცხყოფად მიიჩნიეს წყევლა, რომელიც ივანიშვილთან მიმართებაში მქონდა დაწერილი. მოსამართლეა ქოჩქიანი, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს. სოციალური სივრცე არის თავისუფალი სივრცე, აზრის გამოხატვა კონსტიტუციით არის დაცული და სიტყვის თავისუფლებაც კონსტიტუციითაა დაცული” – ამბობს თამარ გიორგაძე.
11 ივნისს აქტივისტმა ბიძინა ივანიშვილი დაწყევლა. ოქმს, რომელიც 15 ივნისით თარიღდება, სამმართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი სანდრო კეპაშვილი აწერს ხელს. ახალმა სამმართველომ ჩათვალა, რომ პოსტის შინაარსი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.
აღნიშნული მუხლი ჯარიმას [500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით] ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
