ცალსახად და მკაფიოდ ვაცხადებ: თუ ჩემს კლინიკაში გადაყვანას დამოკიდებულს გახდიან ჩემს თხოვნა/მოთხოვნაზე, დაივიწყონ. არცერთ ვითარებაში ჩემგან თხოვნას არ მიიღებთ – ექვსი თვის თავზე დიაგნოზამდე მიგიყვანეთ. ახლა მიიღეთ გადაწყვეტილება და აიღეთ პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას გზავნილი მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ხოშტარია აღნიშნავს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „სისტემა რუსულია და მათთვის უკანონობისა და არაადამიანურობის ფსკერი არ არსებობს“.
„პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მაკა იოსელიანს. ძალიან ვაფასებ, რომ შეწუხდა და ამდენი დრო დამითმო.
დიდი მადლობა ანი ქავთარაძეს, ეკა ბესელიას, შოთა თუთბერიძეს, ჩემს „დროელებს”, ქალთა მოძრაობასა და თინა ბოკუჩავას.
რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სისტემა რუსულია და მათთვის უკანონობისა და არაადამიანურობის ფსკერი არ არსებობს.
ცალსახად და მკაფიოდ ვაცხადებ: თუ ჩემს კლინიკაში გადაყვანას დამოკიდებულს გახდიან ჩემს თხოვნა/მოთხოვნაზე, დაივიწყონ. არც ერთ ვითარებაში ჩემგან თხოვნას არ მიიღებთ.
ექვსი თვის თავზე დიაგნოზამდე მიგიყვანეთ. aხლა მიიღეთ გადაწყვეტილება და აიღეთ პასუხისმგებლობა.
ასევე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ამ პროცესზე პასუხისმგებელია პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის მიმართულება. (ასეა მზიას, ზინოვკინას, ნინო დათაშვილისა და ყველა სხვა პატიმრის ჯანმრთელობის შემთხვევაში)
ნესტან ვერულაშვილის მიმართ გულწრფელად პრეტენზია არ გამაჩნია. მეტიც, პატივს ვცემ.
ძალიან მყარი არგუმენტები რომ არ მქონდეს, არ ვიტყოდი. რასაც ნამდვილად არ ვიტყვი ვინმე ურთმელიძეზე. მას კიდევ არაერთხელ მივუბრუნდებით და მივხედავთ.
P.S. ჩემი სრული მხარდაჭერა „ტვ პირველს“ და „ფორმულას“. ეს საგანგაშო სიგნალია”,- წერს ხოშტარია.
