ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა, ლელა მენაბდიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ 2024 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ერი უკვე დაბერებულია და კატასტროფის წინაშე ვდგავართ.
“ყველამ ჩვენი წილი აგური თუ არ დავდეთ ამ საქმეში, არაფერი გამოვა. ერი უკვე დაბერებულია, კატასტროფის წინაშე ვდგავართ. წლების წინ ჩატარებული კვლევით, ჩვენ იმ ერების ათეულში ვიყავით, რომლებიც გადაშენების პირას იდგნენ. მას შემდეგ დრო გავიდა და სტატისტიკა კიდევ უფრო გაუარესდა. ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ. ბუნებრივი მატება თუ არ გვაქვს, გადაშენების პირას ვართ, აბა რა არის?! ქვეყანაში ბუნებრივი მატების არარსებობის უკვე ორი ტალღა დაფიქსირდა. 13 წლის განმავლობაში ბუნებრივი მატება რომ არ გაქვს, სხვა რა უნდა თქვა?
არ გვეყოლება ქართველი მუშახელი, აღარ დაგვჭირდება სკოლები, იმიტომ რომ ხალხი არ იმატებს და ბავშვები ფიზიკურად აღარ არიან. განათლების სამინისტროს მონაცემებით, წინა სასწავლო წელს 200-მდე ისეთი სკოლა იყო, რომელთაც პირველი კლასი საერთოდ არ მიუღიათ“ – განაცხადა ლელა მენაბდიშვილმა.
როგორც მენაბდიშვილი ამბობს, დემოგრაფიული მონაცემების გაუმჯობესებისთვის საჭიროა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ჩართულობით გატარდეს გარკვეული ღონისძიებები.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს, 2014 წლის აღწერასთან შედარებით, მოსახლეობის მატება თბილისის გარდა, მხოლოდ აჭარაში (20.7%) და ქვემო ქართლის რეგიონში (4.2%) დაფიქსირდა. ყველა სხვა დანარჩენ რეგიონში მოსახლეობის რიცხოვნობის მაჩვენებელი შემცირდა.
