ჩვენი ქვეყნის წევრობა ევროსაბჭოში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა – ივანიშვილის პარტიამ სტრასბურგიდან გზავნილებს თავდასხმის ახალი სერია დაუპირისპირა. დოკუმენტი, რომელიც ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა, ხელისუფლებას ძველი პრობლემების მოუგვრებლობას საყვედურობს და ამატებს, რომ ეს პოლიტიკა ევროსაბჭოს წევრობასთან შეუთავსებელია.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე თქვეს, რომ “ივანიშვილის პარტია ერთპარტიული დიქტატურის ჩამოყალიბებისკენ მიიწევს” და ამის მაგალითი ოპოზიციის აკრძალვის სარჩელია; “ქვეყანა შორდება ევროპულ განვითარებას და ამის მიზეზი პოლიტიკური დევნა და რეპრესიული კანონებია” – თქვეს, რომ თუ მმართველ პარტიას ევროპასთან დიალოგი უნდა, პირობები უნდა შეასრულოს. პარლამენტის თავმჯდომარეს კი ჰგონია რომ საერთო წესების და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოწოდება სუვერენიტეტის დარღვევაა.
სწორედ ევროსაბჭოს წევრობამ განაპირობა ის, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეებს სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა შეუძლიათ. ამ ორგანიზაციაში არსებობა ხელისუფლებას ევრსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას აიძულებს. თუ საქართველო გაერთიანების მიღმა დარჩება, ხელისუფლებას ეს ვალდებულებებიც მოეხსნება. ამიტომ ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ “ოცნების” მიზანიც ეს იყოს.
“ქართული ოცნება” ამბობს, რომ დიალოგისთვის მუდამ მზადაა, თუმცა ამ ზეპირი განცხადების მიღმა ნაბიჯები არ ჩანს. ოცნება დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად არც კანონების გაუქმებას აპირებს და არც პატიმრების გათავისუფლებას. დემოკრატიული პრინციპების დაცვა კი არა მისი კეთილი ნება არამედ ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოს წევრობის გამო აკისრია. დებატებზე ოპოზიციაც გააკრიტიკეს. თქვეს, რომ პოლიტიკურ პროცესზე ბოიკოტს შედეგი არ აქვს და ხელისუფლებასთან ბრძოლის ასეთი სტრატეგია გაუმართლებელია.
