სადავო პარლამენტმა შეცვალა კანონი, რომლითაც უცხოელთან „ფიქციური ქორწინება“ დასჯადი ხდება. შსს აცხადებს, რომ ამ ნებართვის გაცემამდე „შემოწმდება ქორწინების ნამდვილობა და ამ მიზნით შეიქმნება სპეციალური კომისია“.
„დასჯადი ხდება ფიქციური ქორწინება ან/და ამგვარ ქორწინებაში ყოფნა, რომლის მიზანს არ წარმოადგენს ოჯახის შექმნა და მიზანი უცხოელის მხრიდან ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებაა“.
სასჯელად გათვალისწინებულია:
- უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ვადით ორიდან ათ წლამდე;
- ან ჯარიმა;
- ან შინაპატიმრობა ვადით ერთიდან ორ წლამდე;
- ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე.
კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ამავე საკანონმდებლო პაკეტით, მკაცრდება უცხოელისთვის საქართველოში სასწავლო ვიზების გაცემის წესი: მან უნდა წარადგინოს ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სწავლის დაწყების შემთხვევაში კი წლიურად სულ მცირე კანონმდებლობით დადგენილი სასწავლო კრედიტების მესამედის დაგროვება უნდა შეძლოს.
