ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.
„ჯორჯიან ეარვეისის“ ცნობით, პირდაპირი ფრენები თბილისიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ შესრულდება: ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას, მგზავრებისთვის კომფორტულ დროს: თბილისიდან ბათუმში – დილის 09:00 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისში – 19.30 საათზე. ფრენის ხანგრძლივობაა 45 წუთი.
ერთი მიმართულების საფასური 295 ლარია.
თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისის გახსნასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა.
შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს „ჯორჯიან ეარლაინს გრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი მეზვრიშვილმა და „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელი პირები, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები.
