დანია ენერგეტიკული კრიზისის ფონზე მოქალაქეებს მოუწოდებს უფრო ხანმოკლე შხაპი მიიღონ და ტანსაცმელი გარეთ გააშრონ. ნაბიჯი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის დასაზოგად მიღებული ზომების ნაწილია. – აღნიშნულ ინფორმაციას უცხოური მედია Bloomberg-ი ავრცელებს.
„რეგიონში გაზის გაზრდილი ფასები, რომელიც ჩვეულებრივ დონეზე ოთხჯერ მაღალია, კლებისკენ მალე არ წავა”,- ამის შესახებ განცხადება დანიის ენერგეტიკის სააგენტოს დირექტორმა კრისტოფერ ბოტცავმა გააკეთა.
მარეგულირებელი შინამეურნეობებს, რომლებზეც გაზის მოხმარების 29% მოდის, საგანგებო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. რჩევა $3.6 მილიონიანი სარეკლამო კამპანიის ნაწილია, რომელიც ხალხს ასევე სთხოვს დენის კაბელები გამოაერთონ, სანამ ყოველწლიური საზაფხულო არდადეგები დაიწყება.
ცნობისთვის, დანია იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ეს მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა Orsted-მა საწვავისთვის რუბლში გადახდაზე უარი განაცხადა. ქვეყანა ოქტომბერში მარაგის გაზრდას ნორვეგიიდან, ახალი Baltic Pipe-ის მეშვეობით გეგმავს.
გერმანიამ, რომელიც ევროპაში ყველაზე მეტ ენერგიას მოიხმარს, ასევე მოუწოდა მოსახლეობას ენერგიის დასაზოგად ოფისებში LED განათებები გამოიყენოს.