პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში, მთავარ ექიმს ელენე ხოშტარიას ადვოკატები ხვდებიან.
„ელენეს მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების გამო, ახლა ციხეში შევიდნენ ადვოკატი შოთა თუთბერიძე და ანი ქავთარაძე. მთავარ ექიმს ხვდებიან. გამოსვლისას გააკეთებენ განცხადებას“, – აცხადებენ პარტიაში.
შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რამდენიმე დღის წინ მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მათ შორის დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და ამისთვის ხელჯოხის გამოყენება ესაჭიროება.
