თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. სავარაუდოდ, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განაჩენს დღესვე გამოაცხადებს.
ერთ-ერთი ბრალდებულის, მარიამ მეყანწიშვილის თქმით, ის საპროცესო შეთანხმებას არც ერთ შემთხვევაში არ გააფორმებს.
“რა განაჩენიც არ უნდა გამომიტანოს დღევანდელმა სასამართლომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ვერანაირად ვერ შეაფერხებენ იმ ბრძოლას, რაც გარეთ არის. მე ვალდებული ვარ, როგორც დედა, უპირველესყოვლისა, ვიზრუნო ჩემი შვილის ღირსეული მომავლისთვის. საპროცესოს არ გავაფორმებ არცერთ მოცემულობაში, გამომდინარე იქიდან, რომ ვაღიარო ის, რაც არ გამიკეთებია, არის აბსურდი და რეჟიმმა რაც არ უნდა გააკეთოს, სულ რომ სიკვდილით დასჯა შემოიღოს და მაგ ბრალის აღიარება მომთხოვოს, თორემ სიკვდილით დამსჯიან, მე ავირჩევ სიკვდილს,” – განაცხადა მარიამ მეყანწიშვილმა.
მარიამ მეყანწიშვილის უფლებადამცველის თქმით, დასკვნითი სიტყვა საკმაოდ გრძელი იქნება.
“მარიამ მეყანწიშვილთან მიმართებაში ბრალდების მხარე გვედავება სულ სხვა მუხლს და შესაბამისად მისი არსებითი შემადგენელი და მაკვალიფიცირებელი ნიშნების შეფასება იქნება უფრო სიღრმისეულად და არა მხოლოდ მაკვალიფიცირებელი ნიშნების არსებობა, არ არსებობაზე, არამედ იქნება საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეფასებული სასამართლოს წინაშე. საერთოდ როგორ გააფართოვა ამ მუხლის დეფინიცია ბრალდების მხარემ და საერთოდ აბსურდულ მოცემულობამდე მიიყვანა ამ სისხლისსამართლებრივი განაწესი და მათ შორის იმას, საქმეში არსებული მტკიცებულებები რამდენად კანონიერად მოიპოვა ბრალდების მხარემ, ამ ყველაფერთან დაკავშირებით დღეს საკმაოდ გრძელი დასკვნითი სიტყვა გვექნება,” – თქვა ადვოკატმა.
განსასჯელის სკამზე აბო ნავერიანი, ნანა სანდერი და მარიამ მეყანწიშილი სხედან.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ეპიზოდზე თავდაპირველად 12 პირის პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა 8 ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
